English Version

 

მთავარი გვერდი

მოღვაწეობა

მომსახურება

სიახლეები

პროექტები

დოკუმენტები

პერსონალი

სასარგებლო ბმულები

განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტი

პროექტის დონორი: BP EXPLORATION (Caspian Sea) Ltd. საქართველო.

პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ნოემბერი - 2015 წლის ნოემბერი.

პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული ენერგოუსაფრთხოებისა და გლობალური გარემოს ხელშეწყობას საქართველოს თემებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის, საშუალებების და ხერხების შეთავაზებას და კლიმატის ცვლილების საპასუხოდ სათბურის გაზების ემისიების შემცირებას.

პროექტის ამოცანებია:

  1. განახლებადი ენერგიის და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის სოციალური, ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების შეფასება საზოგადოებრივ დაწესებულებებში, რეგიონალურ, მუნიციპალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ან არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების დაქვემდებარებაში მყოფი საზოგადოებრივი და სოციალური ობიექტებზე საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით მერების ხელშეკრულებას მიერთებულ მუნიციპალიტეტებში, თუმცა არა მარტო ამ მუნიციპალიტეტებში;

  2. ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების და მეთოდების სარგებლიანობის ადვოკატირება სახელმწიფო, მუნიციპალური და სათემო შენობების ენერგომენეჯერებსა და ენერგეტიკულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს შორის;

  3. იმის დემონსტრირება, რომ საქართველოში სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად საერთო სარგებლობის ობიექტებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ან არასამთავრობო / სათემო ორგანიზაციების დაქვემდებარებაში მყოფ საზოგადოებრივი და სოციალური დანიშნულების დაწესებულებებში, არსებობს საკუთარი ენერგომოთხოვნილების დაკმაყოფილების და შენობების მოსარგებლეთა კომფორტის დონის ამაღლების პოტენციალი, რაც შემდგომში აისახება ენერგოდანახარჯების და ატმოსფეროში ემისიების შემცირებაში;

  4. სხვადასხვა მუნიციპალურ და საერთო სარგებლობის ობიექტზე მომუშავე პერსონალს შესთავაზოს ინფორმაცია ენერგო რესურსების გამოყენების შესახებ და იმ ქმედებებზე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ენერგიის მოხმარებაზე და ხელი შეუწყოს მათი ცნობიერების ამაღლებას ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების შესახებ;

  5. წვლილი შეიტანოს საქართველოს მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქების შესაძლებლობების განვითარებას ენერგოეფექტურობის პოლიტიკის და ადგილობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ხელმისაწვდომი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების და ღონისძიებების შესახებ , რომლებიც მისცემთ მათ საშუალებას შეამცირონ ენერგორესურსების მოხმარება, დაზოგონ საკუთარი ბიუჯეტი და ამავდროულად ხელი შეუწყონ ატმოსფეროში ემისიების შემცირებას და გარემოს დაცვას.
 

ღონისძიებები

I. ენერგო ეფექტურობის სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება საქართველოს მუნიციპალიტეტებში

სამიზნე მუნიციპალიტეტები - "მერების შეთანხმებასთან" მიერთებული მუნიციპალიტეტები - თბილისი, რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი და ახალციხე.

პოტენციური დემო-პროექტების იდენტიფიცირებისათვის განხილული სექტორები - შენობები (საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები - სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო ცენტრები, ხელოვნების და სპორტული სკოლები, ბავშვთა სახლები, და სხვა. აგრეთვე კოლექტიურ მფლობელობაში მყოფი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები), ინფრასტრუქტურა, განათების ჩათვლით, როგორც ენერგოდაზოგვის მისაღწევად მაღალი პოტენციალის მქონე სექტორები.

ენერგოეფექტურობის სადემონსტრაციო პროექტების განსახორციელებელი ობიექტების შერჩევისას მხედველობაში მიღებულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • "მერების შეთანხმების" ხელმომწერი ქალაქები და მუნიციპალიტეტები, რომლებმაც აიღეს ვალდებულება შეამცირონ CO2 20%-ით 2020 წლისათვის;

  • ქალაქები და მუნიციპალიტეტები, რომლებსაც სურთ მიუერთდნენ "მერების შეთანხმებას" და აქვთ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს მუნიციპალური/საზოგადოებრივი შენობების და ინფრასტრუქტურის სექტორის ენერგოეფექტურობას;

  • პროექტის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატებოდეს 60,000 აშშ დოლარს;

  • მოსალოდნელი შედეგების თანხვედრა "ენერგეტიკის მდგრად სამოქმედო გეგმასთან" ან  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმასთან;

  • უკუგების პერიოდი;

  • პროექტის გადაცემის შესაძლებლობა;

  • ბენეფიციართა რაოდენობა (პრიოტიტეტი ენიჭებათ ბავშვებს, ქალებს, სოციალურად დაუცველებს);

  • მდგრადობა;

  • თანადაფინანსება, მუციპალიტეტისგან ან სხვა დონორისგან.

1.1. დასრულებული პროექტები

1.1.1. რუსთავის პარკის რეაბილიტაციის პროექტი - ენერგოეფექტური LED განათება ტბის გარშემო

პროექტით გათვალისწინებული იყო რუსთავის ცენტრალურ პარკში ტბის გარშემო არსებული 120 ნატრიუმიანი გარე განათების სანათის შეცვლას LED სანათებით.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წლის სექტემბერში და დასრულდა 2014 წლის ნოემბერში. პროექტის შედეგების მონიტორინგისთვის ეეც-მ დაამონტაჟა 4 ელექტრომრიცხველი, სანათების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის.

პარკის შესასვლელში დაიდგა ლაითბოქსი პროექტის ამსახველი ინფორმაციით. აღნიშნული პროექტი დაეხმარება ქ. რუსთავს მის მიერ "მერების შეთანხმებით" აღებული ვალდებულების შესრულებაში - შეამციროს CO2 ემისიები 20%-ით 2020 წლისათვის. პროექტის გახსნის ოფიციალური ცერემონია და მედია-ტური საიტზე მოეწყო 2015 წლის 12 მარტს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული "მდგრადი ენერგეტიკის დღის" ფარგლებში.

"მდგრადი ენერგეტიკის დღის"  ღონისძიებებს დაესწრნენ BP საქართველოს წარმომადგენლები, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პირები, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი და ქალაქების წარმომადგენლები, ეროვნული და ადგილობრივი მედია, ენერგოეფექტურიბს ცენტრის წარმომადგენლები. ღონისძიება დაიწყო განხორციელებული დემო-პროექტის წარდგენით, და გაგრძელდა რუსთავის სკოლების ეკო-კლუბების მოსწავლეთა პრეზენტაციებით თემაზე "რუსთავი - ენერგოეფექტურობა - მე".  მოყვარულ ველომრბოლელთა კლუბმა მოაწყო ველოგარბენი ტბის ირგვლივ ლოზუნგით "ჯანსაღი ცხოვრების წესი - ნაკლები ემისიები".  ღონისძიების დასასრულს მონაწილეები - ეკოკლუბის წევრები და ველომრბოლელები დაჯილდოვდნენ სერიფიკატებით სამახსოვრო საჩუქრებით.

 

1.1.2. მზის ცხელი წყლის სისტემის პროექტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში

პროექტით გათვალისწინებული იყო  მზის თერმული სისტემის მონტაჟი 72 კვ.მ ფართის მზის კოლექტორით და 2250 ლიტრიანი წყლის ავზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

განხორციელებული ენერგო ეფექტური ღონისძიება საშუალებას მისცემს ჰოსპიტალს 70%-ით შეამციროს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარება წყლის გასაცხელებლად რამდენიმე შენობისათვის (ინფექციური განყოფილება, სამრეცხაო, სამზარეულო), შეამციროს ენერგო გადასახადები და CO2-ის ემისიები ატმოსფეროში.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წელს და დასრულდა 2015 წლის იანვარში. პროექტის ოფიციალური გახსნა და მედია ტური შედგა 2015 წლის 4 ივნისს, ეს ღონისძიება ჩართულია საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის დღის წესრიგში.

პროექტის გახსნის ღონისძიება დაიწყო ფლეშ-მობით, გორის გიმნასტიკის სკოლის ახალგაზრდა ათლეტების შესრულებით, რომლის შემდეგ შედგა განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტის პრეზენტაცია.

დამსწრე აუდიტორიას შეადგენდნენ ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და პერსონალი, მედიის წარმომადგენლები, ბავშვები და მათ მშობლები, რომელთაც მიესალმნენ ქრის შლუტერი, BP საქართველოს გენერალური მენეჯერი, დავით ებრალიძე - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ქალაქის და ჰოსპიტალის ხელმძღვანელი პირები.

მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ჰოსპიტალის ეზო, დამონტაჟებული მზის თერმული სისტემა და "ასფალტის მხატვრობა" გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა შესრულებით.

 

1.1.3. ეფექტური გარე განათების პროექტი, თელავი, კავკასიონის ქუჩა

პროექტით გათვალისწინებული იყო არსებული 74 ნატრიუმიანი გარე განათების სანათის შეცვლას LED სანათებით, თელავში კავკასიონის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც მოიცავს შიდა ქუჩებს და ბავშვთა სათამაშო მოედანს.

სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა 2014 წლის ნოემბერში. პროექტის ოფიციალური გახსნა და მედია ტური შედგა 2015 წლის 17 აპრილს, თელავის მერიასთან ერთად, "მდგრადი ენერგეტიკული დღის" ფარგლებში. ლაითბოქსი ინფორმაციით პროექტის შესახებ დაიდგა ბავშვთა სათამაშო მოედანთან. ნავარაუდევია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად ელექტროენერგიის წლიური მოხმარება შემცირდება 48600 კვტ.სთ-ით, ენერგოგადასახადები შემცირდება 6700 ლარით, ხოლო CO2-ის წლიური ემისიები 3600 კგ-ით.

ღონისძება კავკასიონის ქუჩაზე გაიხსნა ბავშვთა საცეკვაო  ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვით. შეკრებილ მოსახლეობას და მედიას მიესალმნენ ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და BP საქართველოს გენერალური მენეჯერი.

 

1.1.4. ენერგო ეფექტური ღონისძიებები თელავის #1 საჯარო სკოლაში

თელავის #1 საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მე-18 საუკუნეში აგებულ ისტორიულ შენობაში. სკოლა დაარსდა 1758 წელს მეფე ერეკლე II-ის მიერ, როგორც "ფილოსოფიის სკოლა".

ენერგორესურსების მოხმარების შემცირებისათვის გატარდა შემდეგი ენერგოეფექტური ღონისძიებები:

  • ავტონომიური გათბობის სისტემის დიზელის საწვავიდან ბუნებრივ აირზე გადასაყვანად დამონტაჟდა შესაბამისი მოწყობილობები;

  • სკოლის შენობის სხვენის დათბუნება მინერალური ბამბის საიზოლაციო მასალით;

  • კლასებში არსებული 180 ვარვარა ნათურის შეცვლა კომპაქტური ფლუორესცენტული ნათურებით და დერეფნებში არსებული 40 მილოვანი ფლუორესცენტული სანათის შეცვლა 76 LED სანათით.

ნავარაუდევია, რომ ზემოთაღნიშნული ღონისძიებების შედეგად წლიური ენერგოგადასახადები შემცირდება 9000 ლარით, ხოლო CO2-ის ემისიები 6300 კგ-ით.


 

1.2. მიმდინარე პროექტები

1.2.1. ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება ბათუმის მერიის შენობებში

პროექტი ითვალისწინებს ისეთი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა ხის ძველი ფანჯრების შეცვლას მეტალოპლასტმასის ორმაგი შემინვის ფანჯრებით და თანამედროვე გათბობა-გაგრილების სისტემის მონტაჟს.

პროექტის თანადაფინასება ხდება ბათუმის მერიის მიერ, რომელმაც აიღო ვალდებულება შეცვალოს ძველი ძველი ხის ფანჯრები მეტალოსპლასტმასის ორმაგი ფანჯრებით..

 

1.2.2. ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება თბილისის ხანდაზმულთა პანსიონში

პროექტი ითვალისწინებს ისეთი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა: ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის და ცხელწყალმომარაგების ავტონომიური სისტემის მონტაჟი, აღნიშნულ სისტემასთან ინტეგრირებული  მზის თერმული სისტემის დაყენება, შენობის თბომახასიათებლების გაუმჯობესება (გარე კედლების თბოიზოლაციის და შიდა კედლებით ცივი სივრცეების გასათბობი სივრცეებისგან გამოყოფის საშუალებით), და ვარვარა ნათურების შეცვლა ფლუორესცენტური ნათურებით.    

პროექტის თანადაფინასება ხდება თბილისის მერიის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის და USAID/Winrock-ის მიერ (EC-LEDS საგრანტო პროგრამის ფარგლებში).

 

1.2.3. მზის თერმული სისტემის დაყენება რაგბის სპორტულ ბაზაზე, მარტყოფში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

პროექტი წარმოადგენს გამონაკლისს, რადგან ობიექტი არ არის "მერების შეთანხმების" ხელმომწერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირის დიდი ინტერესის და რაგბის ეროვნული ნაკრების მიღწევების გათვალისწინებით, გადაწყდა სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება რაგბის სპორტულ ბაზაზე, მარტყოფში.  

პროექტი ითვალისწინებს მზის თერმული სისტემის მონტაჟს, 34.5 კვ.მ საერთო ფართობით, საშხაპე შენობის და ტრიბუნის საერთო სახურავზე. სისტემა უზრუნველყოფს 2000-2500 ლიტრი ცხელი წყლის მიწოდებას დღიურად.

 

1.2.4. დაბალემისიური განვითარება სპორტში - ტორპედო ქუთაისი CO2 ემისიების წინააღმდეგ

პროექტი ითვალისწინებს ისეთი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა მზის თერმული სისტემის აგება და მისი ინტეგრირება არსებულ, ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობისა და ცხელწყალმომარაგების სისტემაში. აგრეთვე მზის განათების სისტემის მონტაჟი შენობებს შორის ბილიკების გასანათებლად, არსებული გათბობისა და ცხელწყალმომარაგების სისტემის ენერგოეფექტურობის ამაღლება, შენობის თბომახასიათებლების გაუმჯობესება და ვარვარა ნათურების შეცვლა ენერგოდამზოგი ნათურებით. ნავარაუდევია, რომ აღნიშნული ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები შეამცირებს ელექტროენერგიის და გაზის მომხმარებას, და შესაბამისად ენერგოგადასახადებს 15%-ით. შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება CO2 ემისიები და ამასთან გაადვილდება სანიტარული ნორმების დაცვა სპორტსმენებისათვის.

პროექტის თანადაფინასება ხდება USAID/Winrock-ის (EC-LEDS საგრანტო პროგრამის ფარგლებში) და ქუთაისის მერიის მიერ.


1.2.5.
ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება ზუგდიდის #15 საბავშვო ბაღში

პროექტი ითვალისწინებს ისეთი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემის მონტაჟი და ვარვარა ნათურების შეცვლა ენერგოდამზოგი ნათურებით. გათბობის სისტემისათვის საწვავად გამოყენებული იქნება თხილის ნაჭუჭი - რეგიონში ფართოდ გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის ნარჩენი.

აღნიშნული ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების განხორციელების შედეგად გარდა ენერგოგადასახედების შემცირებისა, შემცირდება აგრეთვე ატმოსფეროში CO2-ის ემისიები.

პროექტის თანადაფინასება ხდება ზუგდიდის მერიის მიერ.
 

II. საკადრო პოტენციალის ზრდა და ინფორმაციის გავრცელება


პროექტის ასევე მიზნად ისახავს: 

  • სხვადასხვა მუნიციპალური და საზოგადოებრივი შენობების პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ გამოიყენება ენერგო რესურსები სამუშაო ადგილებზე და როგორ აისახება მათი ქმედებები ენერგიის მოხმარებაზე.

  • საქართველოს მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ორგანოების საკადრო პოტენციალის ზრდას ენერგო ეფექტური პოლიტიკის და ადგილობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებისათვის.

ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

  • ენერგოეფექტურობის ცენტრი, როგორც "მერების შეთანხმების" ოფიციალური მხარდამჭერი, ატარებს შეხვედრებს "მერების შეთანხმების" ხელმომწერი  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეკონომიკურ განვითარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რათა განხილულ იქნას პოტენციური ენერგოეფექტური პროექტები და თანამშრომლობის გზები;

  • კონცეფციის შემუშავება დემო-პროექტების განსახორციელებლად პროექტის "მდგრადი ენერგო გადაწყვეტილებების გაუმჯობესება საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, რომელიც მომზადდა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, ენერგოეფექტურობის ცენტრის და თელავის, ზუგდიდის და რუსთავის მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით.

  • ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ საქართველოს რეგიონებისათვის ორგანიზებულ ტრეინიგებში მონაწილეობა, რათა გააცნოს მათ განახლებადი ენერგიების და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიები, ქალაქებში და სოფლებში პროექტების განხორციელების პოტენციალი, უკვე განხორციელებული პროექტების მაგალითები;

  • ორგანიზებული მედია ტურები სადემონსტრაციო პროექტების ობიექტებზე თელავში და რუსთავში.


პროექტი მიზნად ისახავს:

  • ცნოიერების ამაღლებას თემებში საქართველოს მასშტაბით, სუფთა ენერგო-გადაწყვეტილებების გამოყენების პრაქტიკული შედეგების ჩვენებით;

  • ადვილად ხელმისაწვდომი საინფორმაციო რესურსების შექმნა, რომლებიც ასახავენ სადემონსტრაციო პროექტების გახორციელების და მუშაობის სხვადასხვა ფაზებს.


აღნიშნული მიზნის მისაღწევად ცენტრს დაგეგმილი აქვს ან უკვე ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ ღონისძიებებს:

  • დახმარება გაუწიოს საზოგადოებრივ მაუწყებელ "რადიო-1"-ს ყოველთვიური რადიო-გადაცემების სერიის მომზადებაში ენერგოეფექტურობის შესახებ, რადიო-პროგრამებისათვის "უიქენდი რადიო-1-ზე" და "ეკომეტრი".  

  • ყოველწლიური კონკურსის ორგანიზება ჟურნალისტებისათვის, საუკეთესო მედია-ნამუშევრის გამოსავლენად განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების თემაზე.  

  • თემატური პოსტერების კონკურსის ჩატარება ხელოვნების სკოლებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის.

  • ყოველწლიური კონკურის ორგანიზება სტუდენტი-არქიტექტორებისათვის თემაზე "მდგრადი განვითარება არქიტექტურაში.

  • ტრეინიგების ჩატარება ენერგიის წყაროების სახეობების, კლიმატის ცვლილების და განახლებადი ენერგიების თემებზე სხვადასხვა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოთხოვნისამებრ.

  • შეიქმნა "ნახშირბადის ნაკვალევის" კალკულატორის ვებ-აპლიკაცია - კალკულატორი მომხმარებლსი მიერ შეტანილი მონაცემების საფუძველზე ითვლის წლის განმავლობაში ოჯახის ან ადამიანის მიერ გენერირებული ემისიების მოცულობას. იგი აგრეთვე იძლევა მარტივ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ქმედებებისას შემცირდეს ემისიების მოცულობა.

  • შემუშავდა და გამოიცა გავრცელებისათვის საინფორმაციო ლიფლეტი განათების LED სისტემების შესახებ.  ლიფლეტი შეიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას განათების ეფექტური სისტემის შესარჩევად, ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის ნათურების შესახებ.

  • შემუშავდა და გამოიცა 2014 წლის კალენდარი ენერგეტიკის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, აგრეთვე პარტიორ ორგანიზაციებში და ბენეფიციარებში გასავრცელებლად. კალენდრის ილუსტრაციებისთვის გამოყენებულია იმ ობიექტების ფოტოები, სადაც განხორციელდა სუფთა ენერგიის სადემოსტრაციო პროექტები. კალენდრის თითოეული გვერდი შეიცავს მოკლე ინფორმაციას განხორცილებული სადემოსტრაციო პროექტების შესახებ.

  • ადგილობრივ ტელეკომპანიებს დახმარება გაეწიათ მოკლე ვიდეო ფილმების შესაქმნელად, რომლებიც ასახავენ დემო-პროექტების განხორციელებას რუსთავში, თელავში და გორში.

  • 2014-2015 წლების მდგრადი ენერგეტიკის კვირეულების ღონისძიებების ორგანიზება, როლების მოიცავდნენ: მოსწავლეთა კონფერენციებს "მერების შეთანხმების" 6 ქალაქში, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენებს, პოსტერების გამოფენას თემაზე "განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება", ხელოვნები სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით; სტუდენტ-არქიტექტორთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

 


გვერდი განახლებულია 2015 წლის 12 აგვისტოს.

| მთავარი გვერდი | პროექტები |