|
შენობის
ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება |
 |
 |
სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი სტაბილურად
მზარდი სექტორია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის
მონაცემებით, 2024 წელს ახალი შენობების რაოდენობამ 3 604
შეადგინა, ხოლო 2023 წელს ექსპლუატაციაში 3 182
შენობა-ნაგებობა იქნა მიღებული. ასევე აღსანიშნავია, რომ 2023
წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა მთავრობის #354 დადგენილება
ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.
დადგენილების თანახმად, ყველა ახალი მშენებლობის ნებართვის
მისაღებად აუცილებელია ამ დადგენილებით განსაზღვრული
მოთხოვნების შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა.
სამშენებლო სექტორის ზრდის ტენდენცია გვიჩვენებს, რომ
2025 წლის დეკემბერში შენობების
ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების შესახებ კანონის ამოქმედების
შემდეგ, მოთხოვნა დღემდე არარსებულ პროფესიაზე იქნება მაღალი
და მზარდი.
ქვეყანაში ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების
ხელშეწყობისა და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების
მიზნით საქართველოში 2020 წელს
ძალაში შევიდა „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“
საქართველოს კანონი. ამ კანონის მეშვიდე მუხლი
ავალდებულებს როგორც ახალი, ისე არსებულ შენობისა და ასევე
შენობის ნაწილის (შენობის სექცია, სართული ან ბინა)
მეპატრონეებს რომ, 2025 წლის 31 დეკემბრიდან, ყველა შენობის და
შენობის ნაწილს, რომლებიც იყიდება (მათ შორის იყიდება
მშენებლობის დასრულებამდე) ან ქირავდება/გაიცემა იჯარით; ასევე,
ყველა 500 მ2 ზე მეტი ფართის მქონე საჯარო დანიშნულებისა და
ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ
შენობას უნდა გააჩნდეთ შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი
(ენერგოეფექტურობის ამსახველი დოკუმენტი) .
ამავე კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მიხედვით შენობების
ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების მომზადების უფლება
მიენიჭებათ მთავრობის მიერ დამტკიცებული
სატრენინგო პროგრამით მომზადებულ და
სერთიფიცირებულ დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომელთა სია
გამოქვეყნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ვებგვერდზე.
მიმდინარე წლის 21 მაისს პროფესიული მომზადების/პროფესიული
გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი
საბჭოს გადაწყვეტილებით
ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს მიენიჭა უფლება,
განახორციელოს “შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების”
გადამზადების პროგრამა!
პროგრამის შესახებ
პროფესიული
გადამზადების პროგრამის მიზანია ისეთი კვალიფიკაციის კადრის
მომზადება, რომელიც იცნობს ენერგოეფექტურობის შესახებ
საკანონმდებლო მოთხოვნებს, შენობების ენერგოეფექტურობის
შეფასების მეთოდებს, უსაფრთხოების ტექნიკურ პირობებსა და
მოთხოვნებს, მას შეუძლია შენობებში ენერგიის მოხმარების
მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება;
შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა და შენობის
ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მომზადება
და წარდგენა.
გადამზადების პროგრამზე დაშვების
წინაპირობები:
-
უმაღლესი
პროფესიული განათლება შემდეგ სფეროში - ინჟინერია და საინჟინრო
საქმე; წარმოება და გადამუშავება; არქიტექტურა და მშენებლობა
და კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2
წელი;
-
უმაღლესი
განათლება შემდეგ სფეროში - ინჟინერია და საინჟინრო საქმე;
წარმოება და გადამუშავება; არქიტექტურა და მშენებლობა და
კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ბაკალავრის
აკადემიური ხარისხის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი;
მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში -
არანაკლებ 1 წელი;
-
უმაღლესი
განათლება სხვა სფეროში და სამუშაო გამოცდილება შენობების
მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ენერგოუზრუნველყოფასთან
დაკავშირებულ პროფესიულ საქმიანობაში არანაკლებ 4 წელი;
-
სხვა
შემთხვევაში თუ მას გააჩნია სამუშაო გამოცდილება შენობების
მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ენერგოუზრუნველყოფასთან
დაკავშირებულ პროფესიულ საქმიანობაში არანაკლებ 5 წელი.
პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში:
7 კვირა - სულ 48 საათი, კვირეული დატვირთვა 6-8
საათი
სწავლებას მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები
წაუძღვებიან. სწავლების დროს ფართოდ იქნება გამოყენებული
ინტერაქციული სწავლების მეთოგოლოგია, შესაძლებელია თეორიული
საკითხების დისტანციური (სინქრონული) სწავლება. პრაქტიკული
სწავლება წარიმართება რეალურ სამუშაო გარემოში, სხვადასხვა
კომპანიებში, რომლებიც შეძლებენ მსმენელების მიერ შესრულებული
სამუშაოების შედეგების გამოყენებას შენობების
ენერგოეფექტურობის ანალიზისა და შეფასებისთვის.
მსმენელთა შეფასება მოხდება პროგრამის როგორც თეორიული, ასევე
პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში.
2023 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 7 ივლისის პერიოდში სულ
გაცემულია 26 987 მშენებლობის ნებართვა, მათ შორის 2024 წ.
მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობამ შეადგინა
12,080.
პროფესიული გადამზადების პროგრამა „შენობის
ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება“ ზრდის დასაქმების, კერძოდ
თვითდასაქმების შესაძლებლობებს იმ პროფესიონალებისთვის,
რომლებიც წარმატებით გაივლიან გადამზადების პროგრამას და
დასრულების შემდეგ მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ
პროფესიული გადამზადების სერტიფიკატს. არსებული
კანონმდებლობის შესაბამისად, სერტიფიკაციის აკრედიტირებული
ორგანოში, სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ,
შეძლებენ დარეგისტრირდნენ შენობების სერტიფიცირების
განმახორციელებელ დამოუკიდებელ ექსპერტებად და განახორციელონ
აღნიშნული მიმართულებით პროფესიული საქმიანობა.
|